შაბათის ფორმულამ პრემიერმინისტრის დეკლარაცია შეისწავლა. 2021 და 2022 წლის დეკლარაციების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს პენსიონერმა მშობლებმა ჯამში 300 000 ლარი აჩუქეს.
საიდან შეიძლება ჰქონდეთ ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერ მშობლებს ასეთი თანხა, რა ბიზნესი აქვთ - შაბათის ფორმულამ დეტალები გაარკვია.
ტარიელ ღარიბაშვილი უმუშევარია - ოფიციალურად არ ფლობს არანაირ ბიზნესს, მაგრამ მის მფლობელობაში დედოფლისწყაროში უზარმაზარი სახლი და 2 500 ჰექტარი მიწაა. მიწების უმეტესი ნაწილი პრემიერის მამამ 2015 წელს შეიძინა, ამ მიწებზე ის ხორბალს თესავს. პენსიონერი ტარიელ ღარიბაშვილის საკარმიდამოს ფართობი სოფელ ხორნაბუჯაში წლიდან წლამდე მატულობს. დოკუმენტების მიხედვით, 1 წლის წინ გასახლებული მეზობლის სახლის ადგილას, პრემიერის მამა კიდევ ერთ შენობას აშენებს. სავარაუდო თანხა, რომელიც ღარიბაშვილების ოჯახს ჯამში სახლების, ეზოს და აუზის მოწყობა დაუჯდა, გაცილებით აღემატება არა მარტო ტარიელ ღარიბაშვილის პენსიას, არამედ იმ შემოსავალსაც, რასაც პრემიერმინისტრი წლიდან წლამდე ხელფასის სახით იღებს.
რაც შეეხება თავად ღარიბაშვილს, ის თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე ფლობს 2 ბინას და ავტოფარეხს, ასევე ბინას გაგარინის ქუჩაზე და ავტოფარეხს, ჯამში ამ ქონების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. დეკლარაციის თანახმად, პრემიერის მფლობელობაშია აუდი A8, რომელშიც მან 75 000 ევრო გადაიხადა. დეკლარაცია, ბოლო 2 წელიწადში პრემიერის შვილების სწავლის საფასურსაც მოიცავს, რომელიც 75 000 ლარს შეადგენს.
ძვირადღირებული საათების კოლექცია დეკლარაციაში 2022 წელსაც ვერ მოხვდა. ის ფლობს: როლექს დეიტონა -99 255 ლარი; ბრეგეს 2 საათს 55 982 (კლასიკი) და 45 100 ლარი (მარინ ბიგ დეით); შაფჰაუზენის 2 საათი 19 040 (ავიატორი) და 36 000 ლარი; პატეკ ფილიპი 306 000 ლარი და ნუნუ თამაზაშვილის 2 საათი - 18 500-ლარიანი კარტიე და 28 000-ლარიანი ომეგა.
ასევე, ღარიბაშვილის ცოლის ნუნუ თამაზაშვილის მფლობელობაშია ტყის ფონდის მიწა ბაკურიანში, სადაც ერთ წელში 400 კვადრატზე მეტი ფართის სახლი ააშენეს. ასევე ნუნუ თამაზაშვილს აქვს ნაყიდი 46 000 ევროს ღირებულების რენჯ როვერ ველარი. დეკლარაციაში ჩანს ისიც, რომ ნუნუ თამაზაშვილს 2018 წლიდან მოყოლებული ქართუ ბანკიდან 250 000 ლარზე მეტი ისესხა - ნაწილი ავტომობილისთვის, ნაწილი კი სახლის ასაშენებლად. ცნობისთვის, ოფიციალურად ქართუ ბანკი სამომხმარებლო სესხებს არ გასცემს.
არასრულად ჩამოთვლილი ყველა ხარჯი, გაცილებით აღემატება იმ შემოსავალს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად იღებს.